ინაშვილი-ნაციონალები მორიგ ინტრიგებს ხლართავენ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, ელჩების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მისი მონაწილეობით გამართულ არცერთ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ საკითხს არ დასთანხმებიან. თუმცა, მისი მოსაზრებით, შეხვედრები მის გარეშეც იმართებოდა.

ინაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ  ელჩების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და კიდევ რამდენიმე პარტია, პატიმრების გათავისუფლების საკითხს აყენებდნენ.

„ელჩების ინციატივით შეხვედრები იმართებოდა კონკრეტულად საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე. ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არა მარტო საპარლამენტო. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობაც“ და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე, კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არა მარტო უგულავასი. ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას, მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ საკითხს ჩემი თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან“, – განაცხადა ინაშვილმა.

 „ისინი ერთმანეთს ჩემ გარეშეც ხვდებოდნენ და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, ძალზედ ბუნდოვანი იყო, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ, უგულავას, და არა მხოლოდ, ციხიდან გათავისუფლებას, ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებს“, – დასძინა ინაშვილმა.

ოპოზიციისვე განცხადებით, შეთანხმება გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე შედგა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

აღნიშნული განცხადება, პრორუსული იდეოლოგიის გამავრცელებელმა ირმა ინაშვილმა, მოსახლეობას ვიდეომიმართვით აუწყა. მისივე განცხადებით, საქართველოს უცხოელ კოლეგებსა და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას გაურკვევლობის თალხში ჰყავთ მოქცეულნი, როგორც მოსახლეობა, ასევე თავად ქვეყანაც. მან ბრალი ფარულ შეხვედრებში უცხოელ კოლეგებსაც დასდო. ეს კი, მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული პოლიტიკური პირები მის დესტრუქციულ მსოფლმხედველობას დაუპირისპირდნენ. რა საერთო თამაშს თამაშობენ ინაშვილი და ნაციონალები წინასაარჩევნო პერიოდში, მხოლოდ საზოგადოების განსასჯელია.

მსგავსი სტატიები