“მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს”, – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა: მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. მისივე განცხადებით, წარმოუდგენელია მსგავსი მოთხოვნის დაყენება, როცა ამ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს აქვთ გადაწყვეტილებები მიღებული. 

„ვამბობთ, ვადასტურებთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, კონკრეტული სასამართლო პროცესები არის დასრულებული – ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი ან შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი თემები, სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შეუძლებელი.

ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო შესულიყო, ან საერთოდ ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა.

ასე რომ, ვთვლი, საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის და პოლიტიკური სპექტრის და პირველ რიგში პოლიტიკური გუნდის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით, ჩემთვის პერსონალურად არის მიუღებელი.

რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება. კონკრეტულ სამართლებრივ, კრიმინალურ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება – დადებითი ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა და ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესზე იქონიოს ზეგავლენა, შეუძლებელია უბრალოდ.

თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, უბრალოდ დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ,“- დასძინა პრემიერმა.

მსგავსი სტატიები