ტაქსის მძღოლებთან ერთად 300 ლარიან დახმარებას მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ, – კალაძე

Facebook
Twitter

კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებთან ერთად 300 ლარიან დახმარებას მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები,“ – განაცხადა კალაძემ.

მანვე მიკროავტობუსების მძღოლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და მოადგილეებს დაავალა აღნიშნული ინფორმაცია მათ შეტყობინების სახით მიუვიდეთ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მათ მონაწილეობა მიიღეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში იქნებოდა ეს ექიმების გადაყვანა, საკარანტინე ზონებიდან ხალხის გამოყვანა და კონკრეტულ ქალაქებში ჩაყვანა. ყველა საკარანტინე სივრციდან თბილისის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

დახმარების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება. მინდა გთხოვოთ მოადგილეებს, რომ SMS-ის სახით როგორც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, ასევე მიკროავტობუსების კომპანიას გადასცეთ ეს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების მძღოლებმა ამ პროგრამებით ისარგებლონ,“ – დასძინა კალაძემ.

მსგავსი სტატიები