“ოქტომბრის თვეში მოსალოდნელ რისკებზე დღეს საუბარი და მსჯელობა ძალიან რთულია”, – ირაკლი კობახიძე

Facebook
Twitter

ოქტომბრის თვეში მოსალოდნელ რისკებზე დღეს საუბარი და მსჯელობა ძალიან რთულია და არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დადგება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მმართველი გუნდი მზად არის, ყველა იმ საკითხსა და მექანიზმზე გაიმართოს ფართო ჩართულობით დისკუსია, რომლითაც პანდემიით გამოწვეული რისკების პრევენცია მოხდება, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარტია არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისა და დისკუსიისთვის მზად არის.

„ეს არის თეორიული მოცემულობა და ამაზე მსჯელობა დღეს ძალიან რთულია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების გადადების ერთადერთი თეორიული ვარიანტი არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოცხადდეს, თუმცა დღეისათვის ამის წინაპირობა არ ჩანს. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჩვენ დღეს არ ვიცით. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ვფიქრობთ, რომ არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება, თუმცა რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ელექტრონულ კენჭისყრას, მეეჭვება, რომ ამისათვის მომზადდეს სათანადო ინფრასტრუქტურა 31 ოქტომბრამდე. რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, რომლითაც შეიძლება რისკების პრევენცია, ამაზე მსჯელობისთვის მზად ვართ და ალბათ, შედგება შესაბამის ფორმატში განხილვები. თუ იქნება ასეთი მსჯელობა, აქ ჩართული იქნება როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ისეთი საკითხია, რაზეც ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს.

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამ არჩევნებს დააკვირდება ძალიან ბევრი სუბიექტი, ჩამოვლენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩამოსული იქნება ეუთოს მისია, ასევე როგორც იცით, ამ პროცესს აკვირდება IRI და NDI. ბუნებრივია, როდესაც დაიწყება მათი საქართველოში ჩამოსვლა და მათთან პირველი შეხვედრები შედგება, იქ ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო გარემოსთან, მათ შორის ამომრჩევლის აქტივობასთან. ჩვენ მზად ვართ, ყველასთან დისკუსიისთვის და მხედველობაში მივიღებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სათანადოდ ჩატარებასთან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას დისკუსიისთვის, ყველა შესაბამის საკითხზე უნდა გაიმართოს დისკუსია ფართო ჩართულობით,“ – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.

„როგორც კი გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაშინვე განახლდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი და იქიდან დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდება იმისათვის, რომ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დავასრულოთ. პრინციპში, დრო საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ პანდემიის დაძლევას 22 მაისამდე, ანუ იქამდე, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ამ შემთხვევაში უკვე ივლისის ბოლოსთვის შეიძლება მთლიანად პროცესის დასრულება. თუ საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, არც ამ შემთხვევაში შეექმნება პრობლემა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მაქსიმუმ ივლისში შევძლებთ, რომ პაკეტი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, პრობლემის ქვეშ არ დგას არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება 2020 წლის ოქტომბერში,“ – დასძინა კობახიძემ.

მსგავსი სტატიები