მთავრობა მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება, – გახარია

Facebook
Twitter

მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება.

„დღეს ჩვენ ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულებრივ სტილს, ჩვეულებრივ რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია და რის საშუალებასაც ჩვენ გვაძლევს ეპდიემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ გამოწვევის მართვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყოველ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს დაწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით და შემდგომ უკვე გადავალთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ისიც კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო, მეორე ფრონტის – ეკონომიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში. ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური და მისი მოგვარება უკვე დროში აღარ უნდა გადაიდოს,” – განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური გახსნის 6 – ეტაპიანი გეგმის ნაწილი შესაძლოა, დროზე ადრე დაიწყოს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე გაგვიჭირდება საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის გახსნის 6 – ეტაპიანი გეგმის ნაწილი შეგვიძლია დროზე ადრე დავიწყოთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელიც ახლა იქნება დაშვებული, მუშაობს, ფუნქციონირებს და ეფექტური იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული კომპანია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, ეკონომიკის გახსნაში, ეკონომიკის აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიწყო როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში და გლობალურადაც,” – დასძინა გახარიამ.

მსგავსი სტატიები