„დღეს ჭარბობს აზრი, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ კარგია”, – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ერთ-ერთი იქნება იმ ქვეყნებთაგან, რომლებიც კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებენ.

„დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესივირი“ კარგია. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიის აქციები გაიზარდა. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს მისი მიღების შანსი, თავიდანვე, როდესაც ამ პრეპარტზე კვლევა დაიწყო, მის მისაღებად მთელი მსოფლიო რიგში იდგა. იმის გამო, რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ინფიცირებულია და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი, ამ რიგში უშანსოდ ვიქნებოდით, რადგან ჯერ ბუნებრივია, იმ ქვეყნებს დააკმაყოფილებდნენ, სადაც ბევრი გარდაცვლილი და ინფიცირებულია, მაგრამ ჩვენს მთავრობას ერთი პრივილეგია აქვს, ფარმაცევტული კომპანია „გილეად საიენსი“ საქართველოს C ჰეტატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის უფასო მედიკამენტებს აწვდის, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიარდია. საერთოდ, დიდ პატივს სცემს ეს კომპანია საქართველოსა და მის ჯანდაცვას, ვინაიდან ერთად ვაკეთებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას. ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ. არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მას მიიღებს და თუ დღევანდელი იმედები გამართლდა, ამით საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სტატიები