საქართველოში პლაზმით მკურნალობა ძალიან მალე დაიწყება, – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში პლაზმით მკურნალობა ძალიან მალე დაიწყება. ამჟამად პლაზმის შეგროვების პროცესი მიმდინარეობს.

„ეს არ არის მედიკამენტი, ეს არის ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა „ისპანკის“, ებოლას, ფრინველის გრიპის, H1N1-ის დროს, მაგრამ აქ არის ერთი სპეციფიკა, ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია. ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ მკურნალობის ამ მეთოდს მივმართოთ ანუ პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი, ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ მას გადავუსხათ ეს პლაზმა. კიდევ უნდა იყოს დამთხვევა ჯგუფის, რეზუსის და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების, ისე ვერ გამოიყენებ ამ პლაზმას,“- აცხადებს ცერცვაძე.

აღსანიშნავია, რომ ამას მასიური სახე ვერ ექნება, რადგან სულ 8 დონორი არსებობს.

„ამის შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. მინდა იცოდეთ, რომ ეს ვერ იქნება მასიური მკურნალობის მეთოდი იმიტომ, რომ საქართველოში სულ არის 178 გამოჯანმრთელებული. ამ ადამიანებიდან ყველას სისხლი არ გამოდგება დონორად პლაზმის დასამზადებლად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ და ასეთი ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არის დაახლოებით, 20-დან 1. პოტენციურად, 8 დონორი შეიძლება გვყავდეს მარტო, ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტი არ მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ გადავარჩენთ რამდენიმე პაციენტს,“- აღნიშნავს ცერცვაძე.

მსგავსი სტატიები