მერაბიშვილის ფრაზები განცხადებები რადიკალური ოპოზიციის სცენარში ჯდება – ლევან ბოძაშვილი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილი მერაბიშვილის განცხადებას კანონგარეშე რევოლუციის ანონსად აფასებს.

მან დასძინა, რომ მერაბიშვილის განცხადებები რადიკალური ოპოზიციის სცენარში ჯდება და ის არის მოლაპარაკებული იმ „მეგობრებთან“, რომლებიც რევოლუციური სცენარის მომხრეები არიან.

ვფიქრობ, რომ დროა, ქვეყანამ საკუთარ თავში გამონახოს არა მხოლოდ სურვილი, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში სახეზეა, არამედ ძალაც, რომ თვისობრივი მენტალური ტრანსფორმაცია განიცადოს და ახალ სახეებს, ახლებურ მიდგომებს გზა გაუხსნას. ყველაფერი, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში დეგრადაციული, დრომოჭმული, თანამედროვეობასთან შეუსაბამო და არაადექვატურია. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წელს დავკარგავთ პოლიტიკური ვაკხანალიით იძულებით ტკბობაში და უამრავი საქმე, რომელიც ნამდვილი სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებელია, კვლავაც გვერდზე დაგვრჩება. ეს არის გზა არსაით, გზა წარსულში, გზა დეგრადაციისკენ და პოლიტიკურ მონოპოლიისკენ.

„ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ საკუთარი არაპოპულარული სახეების მუდმივი როტაციით აზარალებენ სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ მონოპოლიზებული, არათავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ სურთ. ქვეყანას სჭირდება ინოვაციები, განვითარება, პერსპექტივისა და იმედის გაჩენა და არა ერთ წრეზე სიარული ერთი და იმავე სახეებით. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების დროა, მუდმივი შეხვედრები წარსულთან, ერთი და იმავე ხალხის პერმამენტული ტრიალი პოლიტიკურ არენაზე არაფერს კარგს არ მოუტანს ქვეყანას,”- განაცხადა ბოძაშვილმა.