„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდეს” – არჩილ თალაკვაძე

პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სიტყვით გამოვიდა. მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია, არავის მივცემთ მიზეზს, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს, – აღნიშნა მან საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების თაობაზე.
მან დასძინა, რომ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს და პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში.
რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით. დღეს კი მწვავე მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ, თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ. დაუკვირდით, ეს არის მათი გზავნილი და ორმაგი სტანდარტი.
მიუხედავად ამისა, მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია და ჩვენ არავის მივცემთ მიზეზს და შესაძლებლობას, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამ საკითხთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საზოგადოებას ამ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.