ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება

პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით, მისი კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება. ბიუროს გადაწყვეტილების მიხედვით საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა. გადაწყვეტილების ინიციატორი ანრი ოხანაშვილი იყო, შემდეგ კი მას ბიუროს სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.

„მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენ 7 საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვიდრა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში. ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე იმ მოქალაქეებს მივეცით კომიტეტზე დასწრების და კითხვის დასმის შესაძლებლობა, რომლებმაც კომიტეტს მომართეს.

საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა და ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცესის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან ასეთი დეტალური განხილვა იყო, მე ბიუროს ვთხოვე, რომ ჩვენ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ და აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. ვინაიდან თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს, მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა კომიტეტს დასწრებოდნენ. ამიტომ პირველი მოსმენით დადგენილი წესით, პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე შეგვიძლია, პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი,”- აღნიშნა ოხანაშვილმა.