შოთაძის გენერალურ პროკურორად მუშაობის დროს პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი აღნიშვნით შოთაძის გენერალურ პროკურორად მუშაობის დროს პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო.

“ირაკლი შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგს, ნარკოდანაშაულის საქმეებს და ა.შ. ის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შესაბამისად, მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება. ის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორია. რაც შეეხება მის გადადგომას, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ როდესაც არასრულწოვნების მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას მასთან კითხვები გაუჩნდა, შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. მან მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ მორალური პრინციპები და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. გადადგომის შემდეგ, ამ საქმის გამოძიება გაგრძელდა და პასუხისგებაში მიეცა არაერთი პირი. ჩვენ ვნახეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების განცხადებები, სადაც ისინი ჩატარებულ გამოძიებას საბოლოო ჯამში, დადებით შეფასებას აძლევენ. შესაბამისად, ამ საქმეზე კითხვები დიდწილად მოხსნილია,” – აცხადებს არჩილ თაკალვაძე.