გარდაბანში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის და შემდეგ დაწვისთვის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონში ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს” – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.