ირაკლი შოთაძემ სისტემურ დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალი წაუყენა, – ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილმა დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, რომ ნაცმოძრაობისა და სხვა ოპოზიციური ხროვების გაღიზიანება შოთაძის მიმართ გამოიწვია იმან, რომ მან კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იმოქმედა და სისტემურ დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალი წაუყენა.

„დღეს ჩვენ მოვუსმენთ ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პირველ რიგში, მოვისმინოთ კანდიდატის ხედვა მთელ რიგ საკითხთებთან დაკავშირებით. შემდეგ მე მივცემ ყველას შესაძლებლობას, რომ დასვან შეკითხვები. ამის შემდეგ უკვე დაზუსტების რეჟიმი იქნება. რაც შეეხება შოთაძეს, თქვენ იცით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები არიან გაღიზიანებული იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და ის პირები ვინც პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდნენ სისტემური დანაშაულებისთვის და ა.შ გახსნა ეს საქმეები და წაუყენა მათ ბრალი. იქნება ეს სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი თუ ა.შ. “ნაციონალურ მოძრაობის” დღის წესრიგი არის იმ ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც არიან სუბიექტურად მიკერძოებული, როგორ გაბედა ადამიანმა, გენპროკურორმა და კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად რატომ იმოქმედა და რატომ წაუყენა ბრალი მათ, ვინც სისტემური დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებულები. ამის გამო ისინი ყველაფერზე მიდიან და აწარმოებენ ძალიან ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას. თუმცა ჩვენ მზად ვართ, მოვიდნენ კომიტეტზე დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები”, – აცხადებს ოხანაშვილი.

მან დასძინა, რომ მმართველი პარტია შოთაძეს მხარს დაუჭერს.
„ვინაიდან მისი სახელი უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არაერთი გახმაურებული საქმის გახსნას, 50 მილიონზე მეტი ქონების დაბრუნებას დაზარალებულებისთვის, პროკურატურის სისტემაში ახალი მნიშვნელოვანი რეფორმების დანერგვას და გატარებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და გვექნება შესაძლებლობა დღევანდელი დღე გამოვიყენოთ კითხვების დასასმელად და ამ კითხვებზე მივიღოთ პასუხები. ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეს რაც შეეხება, თვალნათელია, რომ ირაკლი შოთაძისთვის მთავარი არ არის რაიმე პოზიცია, არამედ მთავარია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და მან გადადგა ღირსეული ნაბიჯი თავის დროზე”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.