გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მორიგ არეულობას გეგმავს

გიორგი ვაშაძე, ხვალ, პარლამენტის შენობასთან მორიგ აქციას აანონსებს. აქცია ირაკლი შოთაძის მოსმენის საფუძველზე გაიმართება.

მისი განცხადებით, აქცია 10 საათზე დაიწყება.
„ჩვენ ხვალ გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო – ის არის ერთგული პირადად ივანიშვილის, ის არის ერთგული „ქართული ოცნების“ ლიდერების და ყველა დაკვეთის და დავალების შესრულება შეუძლია. თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიდის სწორად ეს პროცესი, უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – აცხადებს ვაშაძე.

მან დასძინა, რომ შოთაძეს ოქტომბერში თანამდებობის დატოვება მოუწევს.
„შოთაძე იქნებოდა თუ ნებესმიერი სხვა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ოქტომბერში არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, თვითონ დაწერს განცხადებას და წავა სამსახურიდან. ერთხელ უკვე გადადგა შოთაძე, არც მეორე ვადა ექნება ხანგრძლივი”, – დასძინა ვაშაძემ.