„ბლუმბერგის“ სტატია, მაღალი ალბათობით დასპონსორებულია – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, მოსაზრებით, „ბლუმბერგის“ სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული.

მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყნებთან თანამშრომლობა გრძელდება.

“ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც ქვეყანაში აქვთ დაბალი ან ნულოვანი მხარდაჭერა, თავის წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებს საზღვარგარეთ, მათ იციან რომ საქართველოში მათ ჩვენი საზოგადოება მხარს არ უჭერს. ისინი ცდილობენ საზღვარგარეთ საერთაშორისო პრესისა და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები და სცადონ ამით კომპენსაცია გაუკეთონ იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანაში აქვთ. „ბლუმბერგის“ სტატია მაღალი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია და ეს რომ დასპონსორებული ჩანს იქიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „ბლუმბერგს“ არც ერთხელ უთქვამს და არ გაუშუქებია რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სამი მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დღეს აქვეყნებს სტატიას, რომ თითქოს ის 77 000 დოლარს ხარჯავს. მგონი ძალიან დიდი განსხვავებაა სამ მილიარდსა და 77 000 დოლარს შორის“, – აცხადებს თალაკვაძე.

მან დასძინა, რომ ვინაიდან საარჩევნო წელია მოსალოდნელი იყო მსგავსი საარჩევნო კამპანიის წარმოება.

„მათ არ აქვთ იმედი, რომ საქართველოში მიიღებენ მხარდაჭერას, ამიტომ ცდილობენ რომ საერთაშორისო პრესაში და სხვა ქვეყნის დედაქალაქებში ჩაატარონ კამპანია.რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, მეგობრებთან და პარტნიორებთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლიბას, ხოლო მოწინააღმდეგეებს ველოდებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.