გიორგი გახარია აშშ-ს თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდება

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია აშშ-ს თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს დღეს უნდა შეხვდეს. ამ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ადასტურებს.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვედრაზე დავით ზალკალიანი ისაუბრებს. მან დასძინა, რომ აღნიშნული კონფერენცია უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც ეკონომიური მიმართულებით ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, იქნება როგორც ორმხრივი შეხვედრები, ასევე მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც სამაგალითოა, კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, გაძლიერდეს. ცოტა ხნის წინ ჩატარდა თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში, სადაც საუბარი იყო ავღანეთში ოპერაციის შემდგომ მიმდინარეობაზე. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით და მომავალშიც გააგრძელებს ამას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან ასავე ისაუბრა ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზეც, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.

„მე დაგეგმილი მაქვს 20-მდე ორმხრივი შეხვედრა, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე სხვადასხვა ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან. მექნება ასევე გამოსვლა პანელზე, რომელიც არის მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკასთან, სადაც ვისაუბრებ საქართველოს როლზე და ფუნქციაზე შავი ზღვის რეგიონში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების კონტექსტში შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჩვენი ფუნქცია განსაკუთრებულად იყო გამოყოფილი ბოლო სამიტებზე, ბრიუსელის სამიტზე, ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს. ბუნებრივია, ამ პანელს აქტიურად გამოვიყენებთ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე სასაუბროდ და ასევე, საქართველოს როლის წარმოჩენის თვალსაზრისით“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.