ჩინეთიდან ჩამოსულ ერთ-ერთ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული 2 საქართველოს მოქალაქეთაგან, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

26 წლის ქალბატონს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.
მეორე პაციენტის ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსდა ორი პაციენტი. 26 წლის ქალთან, რომელიც ბურჯიანის პროვინციიდან ჩამოვიდა, უკვე დამთავრდა კვლევები. ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს ტოვებს კლინიკას.

მეორე პაციენტი იანჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაიშვა ბინაზე დაკვირვების ქვეშ. მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილას ავიღეთ მასთანაც ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება. ამ შემთხვევაშიც ვიმედოვნებთ, რომ პასუხი ნეგატიური იქნება. ამჟამად ტემპერატურა არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა ექიმმა.