საქართველო ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს – ანრი ოხანაშვილი

ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაკარგოს, ანრი ოხანაშვილი პასუხობს, რომ “ამ მიმართულებით კითხვის ნიშნების დასმის ობიექტური საფუძველი არ არსებობს”.

მან დასძინა, რომ საქართველოს კურსი ევროკავშირისკენ შეუქცევადია.
„ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის მონაპოვარი, რომელიც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირში, ვაჭრობის საკითხების გაუმჯობესებას ევროკავშირთან, აშშ-სთან, ეს საკითხები არის და იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მიმართულებები, შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს, არ არსებობს ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების დასმის”, – აცხადებს ოხანაშვილი.

მან დასძინა, რომ უცხოელი მეგობრების სკეპტიკური დამოკიდებულება ოპოზიციონერთა ინტრიგების ხლართვის ბრალია.

“ჩვენ ყველა ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ. იქნება ეს სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.