გიორგი გახარია მიუნხენში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. კონფერენციის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. მიუნხენში 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.

პოლიტიკური, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არსებულ კრიზისებსა და მომავალ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ.

განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება, თუ რა არის დასავლეთის ცნება, რას ნიშნავს დასავლეთის პასუხისმგებლობა.

მიუნხენის 2020 წლის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეები ეცდებიან, პასუხი და გამოსავალი იპოვონ მსოფლიო დღის წესრიგში არსებულ ფუნდამენტურ საკითხებზე, მათ შორის ევროპული პროექტების განხორციელება, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა, კლიმატური ცვლილებები, საერთაშორისო ვაჭრობა და ტექნოლოგიური პროგრესი საერთაშორისო უსაფრთხოებასთან მიმართებით.