პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას მოითხოვს

გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს. ამ ინფორმაციას მელიას ადვოკატი გიორგი მდინარაძე ადასტურებს. მან დასძინა, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა.

„პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ საქმეზე იმ მუხლშიც გამტყუნდეს, რაშიც საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ჩემი აზრით, პროკურატურის საჩივარი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან პირველ ინსტანციაშიც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ საერთოდ არ იყო მტკიცებულებები მელიას წინააღმდეგ, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ გაიზიარა და ერთ მუხლში გაამართლა. ამასთან, მიმაჩნია, რომ მელია იმ მუხლში, რაშიც დამნაშავედ არის ცნობილი, ცოტა გაუგებარია იქედან გამომდინარე, რომ ბრალში ერთი ქმედებაა აღწერილი და ორი მუხლი აქვს წაყენებული. თუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, ერთ ნაწილში როგორ გაამტყუნა და მეორეში გაამართლა? ეს ჩემი აზრით, სამართლებრივი ნონსენსია“, – აღნიშნა მელიას ადვიკატმა.

„გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იმ ნაწილში, რაშიც მერია გამტყუნდა და ვითხოვთ მის გამართლებას. ძალიან დიდი მოცულობის საქმეა, ბრალიც დიდია და განაჩენიც 240 გვერდია. მიკვირს, რომ სააპელაციო სასამართლოში ასეთ რთულ საქმეს ერთი მოსამართლე ვეფხია ლომიძე იხილავს. ასეთი რთული კატეგორიის და პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი საქმეები პირველ ინსტანციაშიც კი კოლეგიურად უნდა განიხილონ, არა თუ სააპელაციო სასამართლომ. ერთი მოსამართლე იხილავდეს საქმეს, უკვე არასერიოზული მიდგომა ჩანს“, – დასძინა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ თუ მელიას სასჯელი დაუმძიმდება კითხვისნიშნის ქვეშ დადგება სასამართლოს ობიექტურობა.

„ზოგადად, სააპელაციო სასამართლოს ბრალის დამძიმება შეუძლია მაშინ, როდესაც პროკურორი ასაჩივრებს. ვინაიდან ვიცით, რომ პროკურორს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს, შესაძლებელია, ბრალი დაუმძიმდეს კიდეც და მისი საპატიმროში გაშვებაც მოხდეს თუ პროკურორის საჩივარს დააკამყოფილებს, მაგრამ მე როგორც ადვოკატს, მაქვს მოლოდინი, რომ თუ მოსამართლე ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება, გავლენების ქვეშ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ მელია უნდა გამართლდეს. თუ არ გამართლდება, გამიჩნდება ეჭვი, რომ ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, – აცხადებს ადვოკატი.