დავით ბაქრაძე „უცხოელ მეგობრებს“ სულელებად მიიჩნევს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით კომისიის ჩამოსვლა კარგია, თუმცა ეს არის მცდელობა „ქართული ოცნებისა“, რომ მოატყუოს უცხოელი მეგობრები.

ოპოზიციური ლიდერების მხრიდან მმართველი პარტიის კრიტიკა და ქილიკი უკვე ჩვეულებრივ ფაქტად ითვლება, თუმცა როგორც ჩანს, ბაქრაძეს „უცხოელი მეგობრებიც“ სულელები ჰგონია და ფიქრობს, რომ თვითონ სწორ შედეგამდე მისვლა არ შეუძლიათ.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ კომისიას, რა თქმა უნდა, ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილები რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, როდესაც ადამიანი უზენაესი სასამართლოს განაჩენით უკვე ციხეშია, ამ კომისიის კონკრეტულ დატვირთვას ვერ ვხედავთ. ასეთი კომისია და მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არა მაშინ, როდესაც უკვე შალვა თადუმაძის ხელმოწერით ადამიანი დაპატიმრებულია. მეორე, არსებობს ასეთი პრეცედენტი, როდესაც 2013 წელს ეუთო/ოდირის მონიტორები მაშინდელ სასამართლო პოლიტიკურ პროცესებს აკვირდებოდნენ, მათ მკვეთრად უარყოფითი დასკვნა დადეს, სადაც ძალიან სერიოზულად იყო გაკრიტიკებული პროცესების, როგორც სამართლებრივი, ისე პროცესუალური მხარე. „ქართულმა ოცნებამ“ ამ დასკვნას არავითარი ყურადღება არ მიაქცია, ისე როგორც არავითარ ყურადღებას არ აქცევს ევროპის სასამართლოს დადგენილებას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. ამიტომ, მივესალმებით საერთაშორისო ჩართულობას, მაგრამ ჩვენი შეფასებით, ეს არის, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ „ტრიუკი“ რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ მოატყუონ ჩვენი მეგობრები, ევროპარლამენტარები და კონგრესმენები. კიდევ ერთხელ ჩააქრონ ცეცხლი და ისეთივე ტყულით გაძვრენ ფონს. როგორც გასულ კვირას, როდესაც საგარეო საქმეთ მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოში არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა და დიალოგი მიმდინარეობდა და ამის პარალელურად დაიჭირეს გიგი უგულავა“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

მისი აზრით, ეს არის მმართველი პარტიის მცდელობა დრო მოიგონ.
„ამიტომ, ამ ინიციატივაში ვერანაირ შინაარსსა და დატვირთვას ვერ ვხედავ, თორემ თავისთავად გიგი უგულავა არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, მასთან დაკავშირებით ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება იქნება“, – დასძინა ბაქრაძემ.