მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას დაელაპარაკეთ ერთმანეთს- მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტის წევრი მარია კალიულანდი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებიდან, რომლებსაც სურვილს აქვთ, ევროპარლამენტის საბოლოო განცხადებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით უფრო მეტი სიმწვავე იყოს.

მარია კალიულანდი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებს დიალოგი განაგრძონ, რადგან ეს ეხება არა მათ პარტიებს, არამედ ქართველ ხალხს.

„მე ვარ ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ესტონეთის ყოფილი ელჩი ექვს ქვეყანაში. საქართველო ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს განვითარებას, ევროპულ ინტეგრაციას ყურადღებით ვადევნებ თვალს. ამიტომ, ვფიქრობ, უკეთესად მესმის როგორც პოზიტიური მხარეები, ისე გამოწვევები, რადგან ჩემი ქვეყანა ასეთივე გზაზე იყო, ვიდრე ევროკავშირში გავწევრიანდებოდით. დღეს ჩემი ქვეყანა არის იღბლიანი, რომ შეუძლია გამოიყენოს ყველა ის სარგებელი, რასაც მას ევროკავშირის წევრობა აძლევს. ბოლო განვითარებულ მოვლენებს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული იმედგაცრუება. გავაკეთე განცხადება მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩავარდა საარჩევნო ცვლილებების მიღება. ეს არ იყო ევროპარლამენტის იმედგაცრუება, ეს იყო იმედგაცრუება თქვენი ხალხის გამო. ამ ეტაპზე ჩვენ კვლავ კეთილგანწყობილები ვართ და მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, იპოვონ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისთვის გადამწყვეტი იქნება, ეს განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისადმი ჩემი გზავნილია – გთხოვთ, გაერთიანდით, ესაუბრეთ ერთმანეთს, საქმე ეხება არა თქვენს პარტიებს, არამედ თქვენი ხალხის მომავალს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.