ბექა ნაცვლიშვილი ახალ პარტიას ქმნის?

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ , მოლაპარაკებების ჩაშლა ხელს აძლევს როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან “ორივეს მიზანი პოლარიზაციაა”.

“გამოიკვეთა, რომ არჩევნები დიდი ალბათობით შეიძლება ჩატარდეს არსებული სისტემით. ეს აწყობდა “ქართულ ოცნებას” გამომდინარე იქიდან, რომ ის მოთხოვნები, რომელიც იყო დაყენებული სხვადასხა პოლიტიკური ძალების მიერ, მისთვის მიუღებელი იყო. ბოლო დროს გაჟღერებული გართიანებული ოპოზიციის მხრიდან ფორმულა, იმიტომ კი არ იყო მიუღებელი ჩემთვისაც, რომ პროპორციულ სისტემასთან უფრო აახლოვებდა, არამედ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. თუ უშვებ მაჟორიტარული ოლქების არსებობას, ეს დაკავშირებული უნდა იყოს ტერიტორიულ ერთეულებთან, კულტურულ ერთეულებთან, უბრალოდ არჩევნების ჩატარება შემოთავაზებული სისტემით, იმიტომ რომ მეტად უფრო ახლოს ყოფილიყო პროპორციულ სისტემასთან, ეს არის თამაში. “ქართულმა ოცნებამ” თავისი მაინც გაიტანა. გიგი უგულავას დაპატიმრება, ცხადი იყო, რომ აღმოჩნდებოდა საბაბი, რომ ოპოზიციური ძალები გავიდოდნენ მოლაპარაკების პროცესიდან, ეს ხელს აძლევს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ არანაკლებ ხელს აძლევს “ნაციონალურ მოძრაობასაც”, რადგან ორივეს მიზანი არის პოლარიზაცია, რომ პოლიტიკურ ველზე არსებობდეს მხოლოდ ორი მოთამაშე და ორივემ თავის მიზანს მიაღწია”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან დასძინა, რომ აპირებს ახალი პოლიტიკური პარტია დააარსოს.

„გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს და იბრძოლებს იმ პოლიტიკისთვის, რომლის საფუძვლეზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. მიდის მოლაპარაკების პროცესი, შეიძლება მოხდეს გაერთანება საღი და ამ ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანების, რომელთაც ექნებათ ერთი ხედვა”,- აცხადებს ნაცვლიშვილი.
მან დასძინა, რომ მომავალ პარტიაში გაერთიანდება ზოგი თავისუფალი დეპუტატი.