მმართველი პარტია ოპოზიციონერებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის ლიდერებს დიალოგის მაგიდასთან იწვევს.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში”,- განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მან დაადასტურა, ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ უგულავას დაპატიმრება დაემთხვა საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს.

„ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. ასევე, გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე პირველ რიგში ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე მოიყვანა სხვა მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებიც, როგორიც იყო ბათუმში, წყალტუბოსა და ზუგდიდში, შესაბამისად არც უგულავა იყო გამონაკლისი, რადგან მან სახელმწიფო საკუთრება გაფლანგა.

„ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ეს გასაგებია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაირღვა და მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შეუძლიათ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.