რისთვის არის ხაზარაძე „პრინციპში“ მზად?

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცვადებს, რომ მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას „პრინციპში“ ეთანხმება, თუმცა დრო სჭირდება შიდაპარტიული მშენებლობისთვის. მან დასძინა, რომ მისი პარტია სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს, მაგრამ თანამშრომლობას კი.

“არ გამოვკლებივართ არც მიტინგს, არც შეკრებას და არც ოპოზიციის მოთხოვნებს. რაც შეეხება ერთიან კანდიდატს, პრინციპში, ჩვენ ამას, ვეთანხმებით, მაგრამ ახლა ვართ პარტიული მშენებლობის პროცესში, ამ კვირაში კიდევ ორი ახალი ოფისი უნდა გავხსნათ და უახლოეს ორ თვეში გავხსნით 30 რეგიონალურ ოფისს. ჩვენ არ მივდივართ იმისკენ, რომ ვიღაცასთან გავერთიანდეთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ძალა, რომ ეს ორპოლუსიანობა დავამთავროთ, მაგრამ კოორდინაციაში ვიქნებით, ისეთი სქემა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან ერთად, რომ ოპოზიციის გამარჯვება იყოს გარანტირებული” – აცხადებს ხაზარაძე.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, ძალიან ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატები, და შესაბამისად, ჩვენ ჩვენი მოქმედების გეგმით წარვდგებით, მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენმა რაიმე მოქმედებამ ოცნების წისქვილზე დაასხას წყალი… დიდ სურათში ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციასთან ჭიდაობას, მაგრამ ვაპირებთ ჩვენი დამოუკიდებელი ლელოს დადებას” – დასძინა ხაზარაძემ.

“ხვალ რომ დავიწყოთ საუბარი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატზე, როგორ გგონიათ, ვართ მზად? გვყავს ჩვენ კანდიდატი, რომ ხაშურზე ვისაუბროთ? ამიტომ, ჩვენ დრო გვჭირდება, რომ ჩვენი სერიოზული გუნდი გამოვიყვანოთ. ვიღაცა რომ მზად არის, ამის გამო ყველაფერზე თანხმობას ვერ ვიტყვით. აქ არც ვაჭრობაზეა ლაპარაკი და არც არაფერზე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ალტერნატივა იმ ორი პოლუსისა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვართ ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო და ამ კონსულტაციებში ჩართული” – აღნიშნა მევახშემ.