„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის” – კახა კალაძე უგულავას დაპატიმრებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს ვალდებულია პასუხი აგოს, ამიტომ არც გიგი უგულავაა გამონაკლისი.

მან ასევე დასძინა, რომ არ არის სწორი გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უგულავა ამ საქმეზე მეორედ დააკავეს.

„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა ან ციხეში შესვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე. ისიც არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა“,- განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა კინზინგერის განცხადებაზეც, რომელმაც მან უგულავას დაპატიმრების შემდეგ გააკეთა.

„ერთ რამეზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა გვინდა, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ და არ უნდა აძლევდეს ადამიანს [საშუალებას] გაექცეს გამოძიებას, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი და მას უნდა მოყვეს რეაგირება. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზირება, რასაც ოპოზიცია ცდილობს“, – აცხადებს მერი.