„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია“ – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია.

ცნობისთვის, თალაკვაძე ამერიკაში საქმიანი ვიზიტის დროს კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა და ამასთან დაკავშირებით განცხადება საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გააკეთა.

„კონგრესმენო კინზინგერ, მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ.

ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“, – წერს თალაკვაძე.
შეხვედრისას, როგორც პრესსამსახური აცხადებს, მხარეებმა დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ამასთან, ადამ კინზინგერმა დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „ხუთშაბათს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა დროსაც ჩვენ, ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. მე ვაფასებ თავმჯდომარე თალაკვაძის ძალისხმევას, რომ ვიზიტით ჩამოვიდა, რათა განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას“, – განაცხადა კინზინგერმა.