„თუ რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება“, – ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა

ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, განაცხადა, რომ „თუ რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება“.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ შედეგებზე, რომელსაც საქართველო მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო პერიოდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ წარიმართება.

„ვფიქრობ, აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების წერილებშიც იყო, რომ ისინი ითვალისწინებენ, რომ თუ რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება, რადგან ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ ჩათვლიან. რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, მაგრამ ასევე არ გვინდა, რომ სიტუაცია რიგითი მოქალაქეებისთვის უფრო გავართულოთ. მაგალითად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეეხება საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს და არა – პოლიტიკოსებსა და ამაზე პასუხისმგებლობის მქონე პირებს. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვსურს, სიტუაცია, ასე ვთქვათ, უფრო „ძალადობრივი“ ან დრამატული გავხადოთ, შესაბამისად, გარკვეული ზომები და პასუხი ამას მოჰყვება და რასაკვირველია, არჩევნები დაკვირვების ქვეშ იქნება, თუმცა ასეთ მწვავე პასუხს, როგორიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა, არ ველოდები“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მან დასძინა, რომ არასტაბილური საქართველო ან არასტაბილური აღმოსავლური პარტნიორობა ხელს უწყობს რუსულ „ფასს“.

„ის, თუ როგორ პოზიციაშია მთავრობა ამჟამად, როგორ ქმედებებს ახორციელებს და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვითარებას უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ ასეა? დისკუსიაც იმის შესახებ, თუ „რა ხდება სინამდვილეში და ვინ არის მართალი“, ხელს უწყობს სადეზინფორმაციო კამპანიებსა და უცხოურ ინტერვენციას. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ საქართველოს თანამდებობის პირები უზრუნველყოფდნენ, რომ არჩევნებში არანაირი უცხოური ჩარევა არ განხორციელდეს“, – აღნიშნავს გრეგოროვა.