ინფექციურ საავადმყოფოში ორის ჩინეთის მოქალაქე მოათავსეს

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ 2 მოქალაქე მოათავსეს. მან დასძინა, რომ გამოკვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
გამყრელიძის განმარტებით, ორ პაციენტს, რომლებიც მანამდე იყვნენ პალატაში მოთავსებულნი, კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ისინი ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელია, რომლებიც ერთ-ერთ რაიონში მუშაობდნენ, რომელსაც არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და დღეს მათზეც იქნება პასუხი. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შუქდება ეს საკითხი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.