სკოლებსა და ბაღებში მავნე პროდუქტების შეტანა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება

„სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ” კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და ბაღებში შეტანილი მავნე პროდუქტები, შესაძლოა, სისხლის სამართლით დასჯადო გახდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს.
„ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი სანქციაა საჭირო. მათ შორის, არ გამოვრიცხავთ დავაყენოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მავნე სურსათი იქნება ბაღებსა და სკოლებში შეტანილი. ვამუშავებთ სამუშაო ვერსიას და ვგეგმავთ, 2020-2021 სასწავლო წელს ეს რეგულაციები უკვე ასახული იყოს კანონში”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ.
კანონის შემოღება უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.