არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა – ადამ კინზინგერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება. იგი აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენ ადამ კიზინგერთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა მხარეებმა დემოკრატიის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„მთავრობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია გვაკავშირებს, ვიდრე რომელიმე სხვა მხარესთან. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკითხებს, ვმსჯელობთ მათზე, თუმცა, ჩვენი პოზიციები, რომლებიც არსებულ საკითხებს ეხება, არ უნდა გავიაზროთ ისე, როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი. ჩვენ საქართველოს ჩვენი სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოვიაზრებთ და იმედი მაქვს, საქართველოსაც იგივე ექნება სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ამრიგად, აღნიშნული გზავნილები ჩვენი დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე სახის გზავნილები“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

„იმდენად, რამდენადაც აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულია, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბრები ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და დიდ იმედს გამოვთქვამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედი მაქვს, შეთანხმებასაც ერთობლივად მივაღწევთ. ერთი ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო“,-განაცხადა ადამ კინზინგერმა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. ყურადღება დაეთმო აშშ-ს მნიშვნელოვან როლს ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე.