თეა წულუკიანი ოპოზიციას გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დასამტკიცებლად “ქოფი ფეისთი” მოსთხოვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნიდან ის ფრაზა “ქოფი ფეისთით” ამოიღონ, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზეა საუბარი.

წულუკიანის თქმით, “სამარცხვინოა”, რომ ოპოზიციამ “უცოდინრობა” აჩვენა და “ვერ გაიგო” პროექტის კონსტიტუციურობა სად შეემოწმებინათ.

წულუკიანის თქმითვე, ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა ხელისუფლებაში არც არასდროს განიხილებოდა.

“არსად არ წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია ქართულ კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წევრს, რომ ე.წ. ქოფიფეისთით ეს ფრაზა ამოიღოს და წინ დაგვიდოს. ამგვარი არ არსებობს. კონსტიტუციურობის შესამოწმებლად არ უნდა გაგზავნილიყო ეს კანონპროექტი, რადგან ოდირი თავად ეუბნება, არ ვარ ის, ვინც ამას შეამოწმებს.

არსად ოდირი არ ამბობს, რომ მათი პროექტი კანონს შეესაბამება და ოდირი მათდა სამწუხაროდ, ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. “გერმანულ მოდელზე” საუბარი ხელისუფლებაში არც არასდროს განიხილებოდა და ჩვენ, ეს ღიად ვუთხარით და რა თქმა უნდა, დღეს ამასთან დაბრუნება აღარ მოხდება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.