უმნიშვნელოვანესი მიზანი ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე დარჩენაა – დავით ბაქრაძე

დღეს, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე წევრებმა პოლიტიკური გეგმები განიხილეს.

მათი განცხადებით, მათი უმნიშვნელოვანესი მიზანი ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე დარჩენაა.

„დღეს პარტიაში განვიხილეთ ჩვენი სამომავლო სტრატეგია და ბრძოლის გეგმები, ევროპული საქართველო რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს ახალი შეთანხმებული სისტემა თუ იქნება დღევანდელი სისტემა, ჩვენ მზად ვართ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
მიმდინარეობს კოორდინაცია და შეთანხმება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციაში, დღეს გავიარეთ კონკრეტული პარტიული აქტივობების გეგმა, ჩვენი კონკრეტული შიდა საკითხები, რომელიც შეეხება სიის ფორმირებას, მაჟორიტარების დასახელებას და მინდა გითხრათ, რომ პარტიაში არის ერთსულოვნება, ყველა მზად არის საბრძოლველად და ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად, მშვიდად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის და პრობლემების მეტი ვერაფერი ვერ მოუტანა საქართველოს”, – აცხადებს ბაქრაძე.

განცხადება გააკეთა გიგა ბოკერიამაც და აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად სამომავლო ნაბიჯები იგეგმება.

„პოლიტსაბჭოზე ამ წლის ძირითადი გამოწვევები განვიხილეთ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ როგორც ეფექტური საპროტესტო ტალღის, ისე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას. „ევროპულ საქართველოში“ შეხედულებების სრული თანხვედრაა და ვაპირებთ საქმის ბოლომდე მიყვანას”, – აცხადებს ბოკერია.