ელიავას ბაზრობის ტერიტორია განაშენიანების გეგმის მიხედვით მოწესრიგდება-კახა კალაძე

განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, მოხდება ელიავას ბაზრობაზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით დარჩენა მიუღებელია.

“მე მგონი, არავის არ მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება დღეს, ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად მიდის კონკრეტული რაღაცების შესასყიდად. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მეპატრონეებთან, საკმაოდ დიდი ჯგუფია, წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, ბევრი საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის განვითარება და ხომ არ გადაგვეტანა სხვა ადგილზე, მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება რომ პირველი – იმ ფორმით დარჩენა, როგორც არის დღეს, კატეგორიულად მიუღებელია, მეორე – ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, ამ გეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება.

გენგეგმაში შენარჩუნებულია სავაჭრო ზონის სტატუსი. განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსახურმა, დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება.

სპეკულირება, რომ არ იყოს და ვიღაცეებმა არ ეცადონ ბოროტად გამოყენება, ვინაიდან აქ დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, ჩვენ ხელს არავის არ ვუშლით და არ ვუზღუდავთ საქმიანობას. ვიწყებთ მუშაობას განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, დამტკიცების შემდეგ მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად,”- განაცხადა კალაძემ.