დღეს ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგება, ეკატერინე ტიკარაძეა. დღეს ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მოსმენას არ დაესწრება.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრს საჯაროდ მიმართავენ იმ კითხვებით, რომელიც საზოგადოებას აქვს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ერთ-ერთი კითხვა 520 დადგენილებას ეხება. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დადგენილება უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს საავადმყოფოებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნა. ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, გუშინდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე წარიმართა და დეპუტატებმა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.