სენატორების ერთობლივი განცხადება ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა, სენატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ შეხვედრის დროს საუბარი იყო მათ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში დემოკრატიის შესუსტების შესახებ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი ჩვენი ბოლო წერილის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომელიც 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ღობეების გადმოწევას საქართველოს ტერიტორიაზე და ყოველ ჯერზე ახდენს მისი პატარა ნაწილების ანექსიას. აშშ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ერთგულია, მაგრამ ჩვენ კვლავ უნდა დავინახოთ პოზიტიური გაუმჯობესება. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს სრულყოფილი, მაგრამ მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ სერიოზულად უდგება დემოკრატიისკენ სწრაფვას“, – განაცხადა სენატორმა, რიშმა.

როგორც ჯინ შაჰინმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს.

„მოხარული ვიყავი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით და მქონდა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნების პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე მესაუბრა. კერძოდ, დემოკრატიისადმი და კარგი მმართველობისადმი საქართველოს ერთგულებაზე. სენატორი რიში და მე დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას და ეს მხარდაჭერა ორპარტიულია. 2012 წელს, ჩვენ ვმონაწილეობდით საქართველოს ისტორიულ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებად და მივესალმეთ პროგრესს. როგორც ადრეც ვთქვი, დემოკრატია გრძელვადიან ძალისხმევას საჭიროებს და საქართველო ამ პროცესში რუსეთის მხრიდან გამოწვევის წინაშე დგას. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობას, წინ წასწიოს დაპირებული საარჩევნო რეფორმა და პატივის სცეს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა“, – განაცხადა შაჰინმა.