2020 წლის იანვარში საქართველოს 633,201 ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ით მეტია. იანვარში ყველზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა.

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობა 523 689-ია, რაც 86 471-ით, 19.8 პროცენტით აღემატება 2019 წლის იანვრის მაჩვენებელს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი, 363 614 შეადგინა, რაც 57 675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. ამ შემთხვევაში ზრდა 18.9 პროცენტზე ფიქსირდება.

„2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 633 ათას საერთაშორისო მოგზაურს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 19,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9 პროცენტით გადააჭარბა. იანვრის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირი უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ შედეგი, რომელიც რეკორდულია და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აქტიური სამუშაო გასწია შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად.