ბესელია და კილაძე პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. საუბარია ამნისტიის აქტზე, რომელიც 2012 წელს გამოიცა.
„ეკა ბესელიას შეგნებულად გადააქვს ისრები, თითქოს მე ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდი, არც ამნისტიასა და არც პოლიტპატიმრებზე საერთოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის, კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ეკა ბესელია თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, სასამართლოს მიმართოს.

ბესელიამ კილაძეს მტკიცებულებების გასაჯაროვება და კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცილისწამებისთვის მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“მე მოვითხოვ მისგან პასუხს, დადოს კონკრეტული ფაქტები ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, თორემ მას ვერ უშველის ჩინჩალაძის სასამართლო, რომ დაიზღვიოს ამითი თავი. ამ ცილისწამებისთვის მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა. კილაძემ გადაასწრო “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც თავის დროზე, წლების განმავლობაში არ იღლებოდა ცილისწამებებით პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

სოფიო კილაძე კი მიიჩნევს, ეკა ბესელიას მისამართით კითხვები რომ არ იყოს დასმული, ამ მიმართულებით გადააქვს ყურადღება. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით. მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მე ეს საკითხი დავსვი უმრავლესობის სხდომაზე, კონკრეტული გვარებით და დეტალებით, ასევე ვისაუბრე საჯაროდაც და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.