ბაღდათის ტრაგედიისას დაღუპულ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა

“ზოგიერთი ოპონენტის თუ პოლიტიკური ჯგუფის სპეკულაციურ განცხადებებთან დაკავშირებით შეფასებებს არ გავაკეთებ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბაღდათში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. მან ისიც განმარტა თუ რატომ ცხოვრობდა სოციალურად დაუცველი ოჯახი იმ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა.

როგორც დეპუტატი წერს, ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე – ბაღდათში, თამარ მეფის N13, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა და სწორედ ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებასაც. მათთან ერთად ცხოვრობდა 1980 წელს დაბადებული გრიგოლ გველესიანი, ბავშვების ბიძა, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

“ამ ერთი კვირის წინ, მათ მიმართეს რაიონის სოციალურ სამსახურს და აცნობეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, თან უთხრეს, რომ დაალაგებდნენ თუ არა სახლს თამარ მეფის ქუჩაზე, საიდანაც გაასვენეს გარდაცვლილი გრიგოლ გველესიანი, დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ მისამართზე. ამის მიზეზით იმყოფებოდა ეს ოჯახი ხანძრის დროს წერეთლის ქუჩაზე”, – წერს ვოლსკი, და იქვე დასძენს, რომ ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით მართლაც შეუჩერდა საარსებო შემწეობა, რადგან არ ჰქონდა დაფიქსირებული აბონენტის ნომერი და კომუნალურშიც ჰქონდა ნული.

“ოჯახმა 22 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია და 21 ნოემბერს ხელახლა მიენიჭა სარეიტინგო ქულა და აღუდგათ საარსებო შემწეობა. 2019 წლის დეკემბერში ჩაერიცხათ დროებით შეჩერების განაცდური თანხა: ჯამში 2040 ლარი. მას შემდეგ 2020 წლის იანვარში მათ ჩვეულებრივ ჩაერიცხათ ყოველთვიური საარსებო შემწეობა – 680 ლარი. საერთო ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1 330 ლარს ურიცხავდა”, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

ბაღდათში, ხის ძველ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სოციალურად დაუცველი ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი და 2 ქალი. აღნიშნული ოჯახის შესახებ გასულ წელს სიუჟეტი მოამზადა ტვ პირველმა. ოჯახში ტელეკომპანიის სიუჟეტთან სიღარიბეზე საუბრობს, ამჟამად უკვე გარდაცვლილი ქალი აცხადებს, რომ ისინი სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ.