კრიტიკა ჩემთვის არის მოტივატორი-შოთაძე

ჩემთვის, ამ კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

შოთაძემ საბჭოსთან გასაუბრების დროს პროკურატურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზოგჯერ კრიტიკა ჯანსაღია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მის მიმართაც ესმის ბევრი ცრუ ბრალდება, რომელიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აპილირებული პირებისგან. სრულიად უსაფუძვლო.

„ჩემს მიმართაც დღესაც მესმის ბევრი მსგავსი განცხადება, ბრალდება, რომელიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან და ცალსახად წარმოადგენს სიცრუეს, პოლიტიკურ სპეკულაციას. თუმცა, პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი არის მოტივატორი, რათა საქმე ვაკეთო უფრო კარგად, უფრო ხარისხიანად და ვემსახურო ჩემს ქვეყანასა და ხალხს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გასაუბრების პარალელურად, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია იმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ შოთაძეს ისევ სურს უწყების მართვა, რომელიც თავადვე დატოვა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. გენერალური პროკურორობა 16 კანდიდატს სურს.