კორონავირუსით ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 425-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, გამოვლენილია ინფიცირებულთა 20 ათასზე მეტი შემთხვევა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ახალი ვირუსი კიდევ 23 000 ადამიანს აქვს, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის.
2 800-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 171 000-ზე მეტი კი ამ დრომდე კარანტინში რჩება.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჰონგ-კონგში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 39 წლის პაციენტია, რომელიც მკურნალობას პრინცესა მარგარეტის საავადმყოფოში გადიოდა. 21 იანვარს ის ქალაქ უჰანში იმყოფებოდა, 31 იანვარს კი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.