ბაღდათში – ხანძრის მიზეზების დასადგენად, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა, ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოხდეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.

ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი ტრაგედიის დროს მაღაზიაში იყვნენ, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

ხანძარი, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია.