რობოტებს ოფლი ექნებათ

ადამიანის ოფლიანობა საკმაოდ ლოგიკური და სასიცოცხლოდ საჭირო პროცესია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პროცესი მიმდინარეობს, გადახურებასთან გამკლავებაა. თუ აქამდე რობოტიკაში გადახურების თავიდან არიდებას გაგრილების სისტემებით ცდილობდნენ, ახლა რობოტებს ავტონომიურად შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, „ოფლი მოიდინონ“. საჭიროება კი შესაძლოა დადგეს ისეთი სცენარებისას, როცა რობოტს დიდი ხნის განმავლობაში უწევს სამუშაოს შესრულება.

ამ სიახლის შესახებ მეცნიერები The Science Robotics-ზე გამოქვეყნებული კვლევით იტყობინებიან. მათ შექმნეს „სამთითიანი“ დამჭერი, რობოტის ერთგვარი კიდური, რომლის შიგთავსიც წყლითაა სავსე. „თითები“ სითბოზე რეაგირებადი პლასტიკური მასალისგანაა დამზადებული. როცა მასალა კონკრეტულ ტემპერატურამდე გაცხელდება, ფორები იხსნება და წყალი ზედაპირზე წვეთას იწყებს.

რობოტთა უმეტესობა მეტალისგანაა დამზადებული და არა იმ პლასტიკური მასალისგან, რასაც გამოსახულებაზე ვხედავთ. რაც ნიშნავს, რომ ოფლიანობის ფუნქცია მხოლოდ ერთგვარ რბილ რობოტებზე გავრცელდება. ანუ, მივიღებთ რობოტების ორ სახეს, გაგრილების სისტემების მიხედვით – რობოტები, რომლებიც ოფლიანობენ და რომლებიც გაგრილების სისტემებს იყენებენ.

რბილი რობოტები, ძირითადად, დელიკატური სამუშაოსთვის იქმნებიან. მაგალითად, სამედიცინო პროცედურებისთვის გამოსადეგი ზოგი რობოტი რეზინისგანაა დამზადებული. თუ რბილი რობოტიკა ჩვენს ყოველდღიურობაში შემოვა და თუნდაც, თუ მას სპეციფიკურ სფეროებში გამოიყენებენ, მას საკუთარი გაგრილების სისტემა სჭირდება. „ოფლიანობა“ კი კარგი გამოსავალია და ამ კომპონენტის გაჩენა ნიშნავს, რომ ამ ტიპის რობოტებს ავტონომიურად შეეძლებათ საკუთარ გაგრილებაზე იზრუნონ.