საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი იწყება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სერტიფიცირების პროცესს იწყებს, – ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სერტიფიცირების შედეგად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალ კვალიფიცირებული კადრების მოზიდვა იგეგმება.

დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურსანტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა.
სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტირება და გასაუბრება.

სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.
კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.