ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გადის

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ე.წ. რიყის დოქებს მთავრობა ყიდის.

ნაგებობის საწყისი ღირებულება 95 მლნ აშშ დოლარია.
„ვაპირებთ, 100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, ვერ იპოვა თავისი ფუნქცია, არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის. ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. შეფასება, რომელიც გაკეთდა არის 95 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზეც, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამის აშენებაში.

ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით სწორი გამოყენება ვუპოვოთ „რიყის დოქებს”, – განაცხადა თურნავამ. მისივე აღნიშვნით, ნაგებობა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესს მთავრობა წინასწარ არ კარნახობს თუ რა დანიშნულება ექნებათ ე.წ. დოქებს.

„აქცენტი გაკეთდება კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე“, – დასძინა თურნავამ.
ცნობისთვის, აუქციონი მომავალი კვირიდან დაიწყება.