ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 170 მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 170 მიაღწია. გაზრდილია დაინფიცირებულთა რაოდენობაც. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 8 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტიბეტშიც.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.