გახარია რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე: საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის

რუსეთის დელეგაციის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიიღებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა, და, მათ შორის, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ისეც ფაქტია, რომ, სამწუხაროდ, რუსეთს ევროსაბჭოში წევრობა აღუდგა.

„ახლა დავბრუნდეთ უკან და ხაზგასმით აღვნიშნავ, ვერავინ, ვინც არ უნდა განაცხადოს, კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით. თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მაშინ ჩვენს პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და მაშინ სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.