„ყველამ კარგად იცის, რომ ამას მოჰყვება საპროტესტო გამოსვლების ტალღა” – რომან გოცირიძე ლავროვის ჩამოსვლაზე

სალომე ზურაბიშვილმა მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან მორიგი კაპიტულანტური გზავნილი გაახმოვანა. ლავროვის ჩამოსვლა კი ქვეყნისთვის „გავრილოვის ღამეზე“ უარეს შედეგებს გამოიტანს – განაცხადა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა დახვდეს რუსეთის დელეგაციას.

მან დასძინა, რომ ლავროვის მომავალი ჩამოსვლა განაპირობა მისმა წარმოდგენებმა, თითქოს ამისთვის „მოსამზადებელი სამუშაოები უკვე გაწეულია“.

„სალომე ზურაბიშვილმა სერგეი ლავროვის საქართველოში მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. არავინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ამ საკითხს შეხებოდა. არცაა ეს მისი პრეროგატივა. მან მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან მორიგი კაპიტულანტური გზავნილი გაახმოვანა. ლავროვის ჩამოსვლა გამოიწვევს საყოველთაო მღელვარებას. „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება. ის უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში, როგორც იმ მთავრობის წევრი, რომელმაც 2008 წელს აგრესია განახორციელა. მან, ასევე, არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მის ჩამოსვლაზე ნებართვის გაცემა იქნება საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი მორჩილების კიდევ ერთხელ დადასტურება და დაღუპული ქართველი მეომრების სულების შეურაცხყოფა. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა მოუწოდონ ლავროვს თავიანთი არხებით, რომ მისი ჩამოსვლა არ იქნება გონივრული ნაბიჯი, რომ ეს დაკავშირებულია რისკთან. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი სტაბილურობასა და რუსეთისადმი მორჩილების დემონსტრირებას შორის.

წარმოვიდგინოთ, რომ მინისტერიალი ტარდება უკრაინაში. გაუჩნდებოდა სურვილი ლავროვსს იქ ჩასვლის? აქ უნდა, რადგან სჯერა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე გაწეულია, რომ პირობები მომწიფდა.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება გავრილოვთან დაკავშირებით. ყურად არ იღეს ჩვენი მოწოდებები. გავრილოვი პაიკია ლავროვთან შედარებით. ლავროვი პუტინის რეჟიმის საგარეო სახეა, იმ ქვეყნის მინისტრია, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი გვაქვს. არგუმენტი, რომ პატივი უნდა ვცეთ ევროსაბჭოს და როგორც მასპინძელმა ქვეყანამ შევასრულოთ ვალდებულებები, არის დემაგოგია. ყველამ კარგად იცის, რომ ამას მოჰყვება საპროტესტო გამოსვლების ტალღა. მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას,” – აცხადებს გოცირიძე.