ეკლესია სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურ და დაუყოვნებლივ რეგულირებასა და მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აზარტული თამაშებს შედეგად სულ მცირე 400 000 ოჯახია დაზარალებული. ეს უკვე მეორე ასეთი შეხვედრა იყო და ის საქართველოს საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გაიმართა.

პრობლემა არის მრავალმხრივ მოსაგვარებელი, კომპლექსური მიდგომაა საჭირო, გვაქვს ძალიან ცუდი სტატისტიკა და თუ დროზე არ შევაჩერეთ ეს მონსტრი ბიზნესი, უახლოეს მომავალში მძიმე შედეგები გველოდება – ასეთია საპატრიარქოს პოზიცია. გამოსავალთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ინიციატივა ითქვა, უმთავრესად ეს ეხება საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგებას.

„სულ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს ჰქონდა წარმოდგენილი ახალგაზრდების განვითარების პროგრამა, რომელიც შეიძლება ძალიან იოლად მოერგოს ქართული რეალობას. ამის გარდა, გამზადებულია კანონპროექტი, რომელიც ერთი წლის წინ იყო უკვე საბოლოოდ დახვეწილი და შეთანხმებულ. ველოდებით ამ კანონპროექტის კანონად ქცევას. აღარ ითმენს დრო, ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათ შორის, სუიციდის მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.