“კორონავირუსის პრევენციისთვის ყველანაირი ღონისძიება გატარდა”- ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ყველანაირი პრევენციული ღონისძიება გატარდა. ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა ჩინეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ექიმები აეროპორტში მუშაობაზე უარს ამბობენ, რადგან მათ სათანადო აღჭურვილობა არ აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან უარი, სასაზღვრო ზონებზე საჭირო სამუშაოების გასაწევად. ჩვენ, ექიმებს, ყველას გვაქვს დადებული ფიცი და ყოველთვის საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ ყოფილა მოწოდებული განსაკუთრებული მითითებები იმის შესახებ, რომ მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა აეროპორტებში, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში გვექნება რეაგირება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე მთავრობისთვის რაიმე რეკომენდაცია, ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, არ გაუციათ.